რა ეღირება ელექტროსკუტერებით სარგებლობა

თბილისსა და ბათუმში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა.

თბილისის მერის კახა კალაძის ცნობით, ქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც აღნიშნული ელექტროსკუტერები განთავსდება და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება გადმოწერილი აპლიკაცია, ძალიან მარტივად ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით.

ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია (BIRD) და ვებგვერდი (www.scroll.eco), სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი.

ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, რომლის გააქტიურებასაც მომხმარებელი სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს.

რაც შეეხება აღნიშნული სერვისის ტარიფებს, როგორც აპლიკაციიდან ირკვევა მგზავრობის დაწყების საფასური 1 ლარი, ხოლო შემდეგ ყოველი წუთი 35 თეთრი იქნება.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა.

თაია არდოტელი