„წყალმოვარდნა უბანს წალეკვით ემუქრება“ - გაგანია კორონობისას, "მშენებლებმა" მერიის თანხმობით საბოლოოდ გაანადგურეს მდინარე ვარაზისხევი“

"გაგანია კორონობისას, "მშენებლებმა" მერიის თანხმობით საბოლოოდ გაანადგურეს მდინარე ვარაზისხევი,“ - ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს და შესაბამის ფოტო და ვიდეო მასალასაც აქვეყნებს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ყველა გახარებულია, დედაქალაქში სუფთა ჰაერი გვაქვსო. "იქნებ შევინარჩუნოთ და შაბათ-კვირას ავტომობილებიც ხომ არ ავკრძალოთ?!"-იკითხა კაცმა. საშვიანების გარდა!

ამასობაში, გაგანია კორონობისას, მერიის თანხმობით "მშენებლებმა" საბოლოოდ გაანადგურეს მდინარე ვარაზისხევი (შატბერაშვილისა და ჟვანიას ქუჩები). იქ, სადაც სუფთა ჰაერი ჯერ კიდევ ბუნებრივად იყო და სადაც, სუფთა ჰაერზე მზრუნველი მერიის ნებართვით სამშენებლო მასალა/კლდის ნაშალი სატვირთოებით პირდაპირ ხევში ჩაყარეს და ამოავსეს.

მერიამ მშენებლობის ნებართვებით (აშკარად კორუფციული), სრულიად გააზრებულად შექმნა ხერგილის კერა ამ უბანში, სადაც საავტომობილო ნაკადების გატარება მალე შეუძლებელი გახდება. მცირეგაბარიტიანი გზა (ფოტოზე ჩანს) ვერ გაატარებს სასწრაფო და სახანძრო ავტომობილებსაც. ზუსტად ასეთი განაშენიანების შედეგია კატასტროფულად დაბინძურებული ჰაერი.

ხევი მერიის ნებართვით განადგურებულია-ამოვსებულია სამშენებლო მასალით; მდინარე ვარაზისხევი ბეტონის ვიწრო სადინარშია; წყალმოვარდნა-უბანს წალეკვით ემუქრება; სუფთა ჰაერის პერსპექტივა მოკლულია; მეწყერი საცხოვრებლებს განადგურების საფრთხეს უქმნის; აი, ამის შემოქმედი თბილისის მერია გვესაუბრება ახლა სუფთა ჰაერის მნიშვნელობაზე,“-წერს მესხიშვილი.

თაია არდოტელი