საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი გასართობ ბიზნესში შედის.
ფონდმა American Live Nation-ის, რომელიც მსოფლიოში კონცერტებისა და ღონისძიებების უმსხვილესი ორგანიზატორია, 5,7%-იანი წილი შეიძინა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ორგანიზაციის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 10%-ით გაიზარდა.
აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ბირჟის მონაცემებით, საუდის არაბეთის ფონდმა ამერიკულ კომპანიაში დაახლოებით 518 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოახდინა. ამავე დროს, გარიგება განხორციელდა შემოსავლის მკვეთრი ვარდნის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებების გაუქმებასთან. საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი აღნიშნულ ორგანიზაციაში Liberty Media Corp-ისა და Vanguard Group-ის შემდეგ მესამე მსხვილი აქციონერია.
კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებული კონცერტების თუ სხვა ღონისძიებების შედეგად American Live Nation-ის აქციების ღირებულება წლის დასაწყისიდან 40%-ით შემცირდა. კომპანიამ თანამშრომლების ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვა, დარჩენილებს კი ხელფასი მცირედით შეუმცირა. ამავე დროს, კომპანიის ტოპ მენეჯერების ხელფასები შემცირდა 50%-ით, ხოლო აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაპინომ საერთოდ უარი თქვა ანაზღაურებაზე.