ქართველი მომხმარებლებისთვის პირველი ქართული ინტერნეტ ბრაუზერი „სთექი“ ინგლისურ და ქართულ ენებზე Windows ვერსია გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „სთექის“ დამფუძნებლები ავრცელებენ.
დამფუძნებლებმა (ზვიად სიჭინავა, დავით გავაშელი, გიორგი ლალიაშვილი) აპლიკაციაზე მუშაობა 18 თვის წინ დაიწყეს, რომელსაც დღეს მსოფლიო ბაზარზე, 30 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს.
„იმ ბაზარზე, სადაც დომინირებს ამერიკული ქრომი და ფაიერფოქსი, ნორვეგიული ოპერა, და სხვა უამრავი ალტერნატიული აპლიკაცია, ბევრს მიაჩნდა რომ ჩვენ ვერაფერს შევძლებდით. მაგრამ შემდეგ „სთექი“ დავდეთ ProductHunt-ზე, პლატფორმაზე, სადაც ხდება სხვადასხვა იდეების განთავსება და ხმის მიცემის გზით დღის საუკეთესო პროექტის გამოვლენა. პირველი ქართული ბრაუზერის იდეა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ერთ საათში მიღებული 1000-ზე მეტი ხმა Product Hunt-ს ბოტების შემოსევა ეგონა და დაგვბლოკა.
ჩვენ გავაცნობიერეთ ჩვენი პასუხისმგებლობა, თქვენთვის მოცემული პირობა და დავიწყეთ აქტიური მუშაობა. შემდეგ მოხდა ძალიან ბევრი რამ: გაიზარდა ჩვენი გუნდი, შემოგვიერთდნენ: ირაკლი ფხაკაძე, შალვა გეგია, ვერიკო მელია და ლაშა მირონიძე.
მივიღეთ რამდენიმე გრანტი. (მადლობა GITA • Tech Park-ს და Avtandil Kasradze-ს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის). ავიღეთ ინსტიტუციური ინვესტიცია, გავიარეთ აქსელერაცია ავსტრიაში, ტოპ სტარტაპის რანგში დავესწარით ათიოდე ევროპულ და ამერიკულ ტექ-კონფერენციას, გავიცანით ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და გავაგებინეთ “სთექის” შესახებ კიდევ უფრო მეტს.
და აი დადგა დანაპირების ასრულების დროც: დღეს „სთექი“ უკვე აღარ არის ბეტა პროდუქტი. ის ერთ-ერთი წარმატებული აპლიკაციაა მსოფლიო ბაზარზე, რომელსაც 30 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს ამერიკაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და ევროკავშირის ქვეყნებში. და უკვე ძალიან, ძალიან მალე, (მაისის პირველ ნახევარში) სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის გამოვა „სთექის“ Windows ვერსია ინგლისურ და ქართულ ენაზე“, – ამბობს „სთექის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დაჩი გუბაძე.
შეგახსენებთ, რომ „სთექი“ ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის პირველ ქართულ ალტერნატივას ქმნის. სტარტაპმა პირველი დაფინანსების მიღების შემდეგ, მომხმარებლების უკუკავშირის მიხედვით, პროდუქტის დახვეწა დაიწყო. ასევე, კომპანია სწრაფი განვითარების უზრუნველსაყოფად, დამატებითი ფულადი რესურსების მოძიებაზე მუდმივად მუშაობს.