ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პენსიის ინდექსირების წესის შესახებ პაკეტს წარადგენენ, რომლითაც 70 წლამდე პირებისთვის პენსია ყოველწლიურად  მინიმუმ 20, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის  25 ლარით გაიზრდება

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა რამდენიმე დღეში წარუდგენს პარლამენტს პენსიის ინდექსირების წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვითაც 70 წლამდე პენსიონერების პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად მინიმუმ 20, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის მინიმუმ 25 ლარით გაიზრდება. მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა თუ რას გულისხმობს პენსიის ინდექსაცია და ამასთან აღნიშნა, რომ ძალაშია პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსიის 30 ლარით მატება.

"არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველ რიგში ესაა პენსიების ინდექსაცია, რომელიც ერთი მხრივ, თითქოს ახალი ფენომენია, თუმცა ესაა ის თემა, რომელიც წლების განმავლობაში დღის წესრიგში იდგა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილში და მინდა გითხრათ, რომ აქ გვაქვს შემდეგი მიდგომა, ერთი რომ წლის დასაწყისში დაანონსებული პენსიების მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან მატება 20 ლარით ეს უკვე შემდგარი ფაქტია, შემდგომი მატება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 30 ლარით ესეც პირველი ივლისიდან შევა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბიუჯეტი დღეს საკმაოდ დიდ გამოწვევებს განიცდის, ჩვენ არა თუ უარი არ ვთქვით ამ ინიციატივაზე არამედ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ მოცემულობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამას გარდა, ინდექსაციის ნაწილში, ესაა წესი თუ სამომავლოდ პენსიები როგორ უნდა გაიზარდოს საქართველოში და ალბათ გემახსოვრებათ, რომ ეს მუდმივი სპეკულაციის საგანი წლების განმავლობაში. ვისაც არ ეზარებოდა ამ თემით სპეკულირებდა. გადავწყვიტეთ, შევიმუშაოთ წესი, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში პენსიონერებს ყოველწლიურად გაეზარდოთ პენსია არა იმის მიხედვით თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში და ვინ მეტად თუ ნაკლებად პოპულისტია, არამედ იყოს გამჭვირვალე , პროგნოზირებადი წესი. 70 წლამდე პენსიონერებისთვის უნდა მოხდეს პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ პლუს ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით. ასევე ჩვენ გვაქვს ქვედა მინიმუმი. შესაბამისად, ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსია, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით. თუ ეკონომიკური ზრდა ან ინფლაცია მაღალი იქნება, ეს თანხები ამ მაჩვენებლებით შესწორდება და შეიძლება უფრო მეტიც იყოს“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.