ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, დასაქმებულ პირებზე მთავრობის 200- ლარიანი დახმარების გაცემა მაისიდან დაიწყება.
მინისტრის მოადგილემ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა, რომ 6 თვის განმავლობაში 200 - ლარიან დახმარებას ის დასაქმებულები მიიღებენ, ვინც 2020 წლის პირველ სამ თვეში შემოსავალს იღებდნენ და აპრილიდან ხელფასის გარეშე დარჩნენ.
„მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი კომპენსაციების გაცემა უკვე აპრილის თვეში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილ პირთათვის. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში, ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შემდგომ თვეებში ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას. ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს დამქირავებელი წარუდგენს. კომპენსაციის ოდენობას რაც შეეხება, 1200 ლარის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარის ოდენობით.
მარტივია კომპენსაციის მოთხოვნა. დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე და სასურველია ეს იყოს საშემოსავლო დეკლარაციასთან ერთად, ელექტრონულად გადამხდელის პირადი გვერდის გამოყენებით rs.ge- ზე დადგენილი ფორმით წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებზეც ხელფასი გაცემულია 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და შემდეგ თვეებში აღარ აუღიათ ხელფასი“,-აღნიშნა ხუციშვილმა.
რაც შეეხება დამსაქმებლების მიერ წარსადგენ ინფორმაციას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს იქნება დაქირავებულის პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია და საბანკო რეკვიზიტები.
„კომპენსაციის გაცემის წესს რაც შეეხება, ყოველი თვის 20 რიცხვამდე დამსაქმებელი მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდება შემოსავლების სამსახურში ერთიანი ბაზის ფორმირება და გადაეგზავნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება უშუალოდ თანხების ჩარიცხვა“,-განაცხადა ხუციშვილმა.