ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებს თვითდასაქმებული ერთჯერად კომპენსაციას. როგორც მან დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, კომპენსაციის მიღების მიზნებისთვის, თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.
ხუციშვილის თქმით, ესეთი პირები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად - ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით გადამხდელად და პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა, არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა.
"მიმდინარე წლის მაისიდან იწყება ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაწევა თვითდასაქმებულებისთვის. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის მისაღებად არ იქნება საჭირო არანაირი დამატებითი ინფორმაციის, მტკიცებულების წარმოდგენა შემოსავლის წყაროს შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენ მიერ უკვე იდენტიფიცირებულია 150 ათასამდე თვითდასაქმებული, რომელსაც არ დასჭირდება არანაირი შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და ეს იდენტიფიკაციის კრიტერიუმები არიას საკმაოდ ცხადი. რეგისტრირებული თვითდასაქმებულები კიდევ იყოფიან კატეგორიებად იმის მიხედვით, თუ რა საგადასახადო სტატუსი გააჩნიათ მათ შემოსავლების სამსახურში," - განაცხადა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, რეგისტრირებული თვითდასაქმებულებად ითვლება მათ შორის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ასევე, ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებული მეწარმე ფიზიკური პირები.
"მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია ხდება მათ მიერ 2020 წლის პირველ კვარტალში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, ასევე, საკონტროლო სალარო სალარო აპარატის გამოყენებით, ჩეკების მიხედვით. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირს, ერთხელ მაინც აქვს წარდგენილი 2020 წლის პირველ კვარტალში დეკლარაცია ან ამავე პერიოდში, ერთხელ მაინც თუ აქვს გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი და ამორტყმული აქვს საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი, მას შეეძლება მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია. ასევე, მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაშიც განმსაზღვრელი იქნება კრიტერიუმად დეკლარაცია. თუ მათ ერთხელ მაინც აქვთ ჩაბარებული დეკლარაცია 2020 წლის პირველ კვარტალში ან ერთხელ მაინც თუ აქვთ გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში იგზავნება ბაზრობის ორგანიზატორებისგან შესაბამისი სიები და ესეთი პირი თუ დაფიქსირებული იქნება ამ სიაში, მას შეეძლება მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია. ამ შემთხვევაში საუბარია ამ იდენტიფიცრების საშუალებიდან ერთ-ერთს მაინც თუ აკმაყოფილებს პირი, მას შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია," - განაცხადა ხუციშვილმა.