8-დან 10 მაისამდე პლატფორმა „კაიკონას“ ორგანიზებით, დისტანციური ჰაკათონი გაიმართება.
ღონისძიება გულისხმობს დამატებითი ტექნოლოგიური დამხმარე საშუალებების შექმნას სკოლის მოსწავლეებისთვის VII - XII კლასის ჩათვლით, რაც მათ ხელს შეუწყობს, რომ სასკოლო მასალის ვიზუალიზაცია, ათვისება და გააზრება უფრო მარტივი და ინოვაციური გახდეს.
ჰაკათონში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ორგანიზატორების რეკომენდაციაა, რომ იდეის ფორმირების პროცესში ჩაერთონ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებიც.
პროექტთან დაკავშირებით „კაიკონას“ თანადამფუძნებელს, ხათუნა გოგუაძეს ვესაუბრეთ:
"კაიკონა" არის პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა, რომელის ჰოლისტური მიდგომით იყენებს მეცნიერებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას ინდივიდისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. "კაიკონა" ეხმარება ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს, ლიდერებს, სკოლებსა და სხვადასხვა ჯგუფებს სიღრმისეულად და თანაგრძნობით, ახლებურად შეხედონ საკუთარ თავს, სხვას, ერთმანეთს და მთლიანად სამყაროს.
როგორ გაჩნდა პროექტის იდეა და რა არის ჰაკათონის მიზანი?
მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია განათლების გაციფრულება. ქართულ ენაზე სულ რამდენიმე დამხმარე საშუალება, საიტი, აპლიკაცია და ვიდეო არსებობს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სასკოლო მასალის ათვისების პროცესში. ამიტომ „კაიკონას“ ინიციატივით და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, როგორიცაა „ტექნო პარკი“, „ საქართველოს ბანკი“, „ბიზნეს აქსელერატორი სპარკი“, „Educare Georgia“ და ვიდეოპორტალი palitravideo.ge . 8-დან 10 მაისამდე ჩატარდება დისტანციური ჰაკათონი.
ჰაკათონი გულისხმობს სასკოლო განათლებაში დამატებითი ტექნოლოგიური დამხმარე საშუალებების შექმნას სკოლის მოსწავლეებისთვის მეშვიდედან - მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ვფიქრობთ, აუცილებელია ამ თემაზე დაიწყოს ფიქრი საზოგადოებამ, რადგან ეს არის სფერო, რომელიც მუდმივად საჭიროებს განვითრებას.
როგორ ხდება ჰაკათონში მონაწილეობა და როდემდეა შესაძლებელი რეგისტრაცია?
რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ. სარეგისტრაციო ფორმა განთავსებულია ჩვენს facebook გვერდზე.
სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfg-Iqo25qtIRvuiDrXbHw0iiz6s430C9zAS9dz5lOVx3YEQQ/viewform
მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს, ტექნოლოგიების, გრაფიკული დიზაინის, განათლების, ფსიქოლოგიის, ანიმაციის, პროექტის მენეჯმენტის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა იქნება 40.
როგორ მიმდინარეობს პროცესი?
72 საათის განმავლობაში მონაწილეებმა უნდა მოიფიქრონ და შექმნან ტექნოლოგიური გადაწყვეტა: ვიდეო, ანიმაცია, საიტი, ონლაინ თამაში, აპლიკაცია ან პროგრამა, რომელიც იქნება ქართველი მოსწავლეებისთვის და ინტეგრირდება სასკოლო განათლების პროცესში. გამარჯვებული იდეის შერჩევის ერთი-ერთი კომპონენტი იქნება განხორციელებადობა, რომ შექმნილი პროდუქტი იმპლემენტირდეს სასკოლო განათლებაში.
ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა.