"მთავრობამ დასაქმებულების მინიმუმ მესამედი დახმარების გარეშე დატოვა"

მთავრობამ დასაქმებულების მინიმუმ მესამედი დახმარების გარეშე დატოვა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ მიზერული თანხები გამოყო შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის, მინიმუმ 500.000 ადამიანზე მეტი ამ დახმარებასაც ვერ მიიღებს.

„ძიძები, ხელოსნები, მკერავები თუ მსგავსი ტიპის თვითდასაქმებული ადამიანები, ვერ შეძლებენ ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დახმარების გარეშე დარჩებიან, რაც ყოვლად მიუღებელია.

თუკი სოციალური დახმარებების განაწილება გამორიცხვის პრინციპს დაეფუძნებოდა, რასაც ჩვენ ვთავაზობდით მთავრობას „ლელოს მოდელის“ მიხედვით, არცერთი არაფორმალურად დასაქმებული არ დარჩებოდა სოციალური დახმარების გარეშე. მთავრობამ კი აირჩია მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოს შემთხვევაში არ მუშაობს, ვინაიდან ეკონომიკაში დიდია არაფორმალური სექტორის წილი. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 840 000 ადამიანი თვითდასაქმებულია. თუმცა, მათგან მხოლოდ 150 000-ს გააჩნია ოფიციალური სტატუსი. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინსტრუქციის მიხედვით, დახმარებას, ერთჯერადი 300 ლარის ოდენობით, მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც დოკუმენტურად დაასაბუთებს, რომ იყო დასაქმებული’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს.