მთლიანობაში, ანტიკრიზისული პროგრამა მომწონს. მგონია, რომ დათვლადი და გაზომვადია. სოციალური პაკეტის ნაწილში მაქსიმალურის დაფარვა მოხდა, რაც პირველ ეტაპზე შეიძლებოდა, - ამის შესახებ GIPA-ს კანცლერმა, ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განუცხადა. მისი შეფასებით, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული სოციალური დახმარება იყოს მაქსიმალურად მიზნობრივი, რათა დახმარება მიიღონ მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.
ამასთან, აბაშიშვილი ყურადღებას ამახვილებს ბიუჯეტში რესურსების მოზიდვის აუცილებლობაზე. მისი თქმით, საბიუჯეტო შემოსავლები შემცირებულია, ვინაიდან ბიზნესის დიდი ნაწილი, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გაჩერებულია. აქედან გამომდინარე, ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის აუცილებლობას.
„არასტანდარტული კრიზისის დროს იდეალურ გეგმას არ ველოდებოდი. ზოგადად, იდეალური გეგმა გულისხმობს, რომ ეს იქნება პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა. ასეთი ტიპის კრიზისში, როდესაც მედიცინაზე ვართ დამოკიდებული, მხოლოდ ეკონომიკური გათვლები ვერ იქნება ძალიან ზუსტი და პროგნოზირებადი. მთლიანობაში, პროგრამა მომწონს. მგონია, რომ არის დათვლადი და გაზომვადი. ციფრებზე შეიძლება ძალიან ბევრი კამათი იყოს, მაგრამ რაც მთავარია ციფრები გვაქვს, ანუ საკამათო და სადისკუსიო თემა გვაქვს. აქამდე კამათი იყო ციფრების არარსებობაზე. ახლა ეს ციფრები უკვე მოცემულია, დათვლადია, შეფასებადია და ცხადია, აქ დისკუსია უკვე შესაძლებელია. ჩემი შეხედულებით, სოციალური პაკეტის ნაწილში მაქსიმალურის დაფარვა მოხდა, რაც პირველ ეტაპზე შეიძლებოდა, თუმცა მიზნობრიობის მოწესრიგება კიდევ შეიძლებოდა. ანუ დახმარებები უნდა იყოს მაქსიმალურად მიზნობრივი, ყველა ადამიანთან უნდა მივიდეს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. მაქსიმალური გაზომვაა საჭირო, რათა მიზნობრიობა გაიზარდოს. აი, ძალიან კარგი იყო კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები, თუმცა ადამიანები ერთმანეთის სოლიდარობის იმედად არ უნდა დავტოვოთ, რომ ერთმანეთს გაუნაწილებენ სოციალურ დახმარებებს, როგორც ეს მოხდა კომუნალურ შეღავათებზე, როდესაც ბევრმა უარი თქვა. სოციალური დახმარებების ნაწილში მთავარი გამოწვევა არის ის, რომ დახმარება მიიღონ მათ, ვისაც ეს მართლა ძალიან სჭირდება და ნაკლები ადამიანი იყოს, ან საერთოდ არ იყოს ისეთი, ვინც დაჩაგრულად იგრძნობს თავს. ისიც მესმის, რომ სახელმწიფო რესურსი არ არის ულევი და საჭიროა, რომ ის მაქსიმალურად მიზნობრივად გადანაწილდეს.
მე რაც მაშფოთებს, შეეხება ბიუჯეტში რესურსების მოზიდვას. მთელი ეს დახმარება ხომ ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს. მაშფოთებს იმიტომ, რომ ბიზნესების დიდი ნაწილი გაჩერებულია, რაც ეკონომიკისთვის მთავარი დარტყმაა. მთავარი საგადასახადო შემოსავლები იქმნება ბიზნესიდან. ამავდროულად, ბიზნესის ნაწილში ამოქმედდა სხვადასხვა ტიპის დაუგეგმავი შეღავათი. ცხადია, ესეც ამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს. ამავდროულად, იზრდება ეს სოციალური ვალდებულებები. ამიტომ მგონია, რომ მთავრობამ უნდა გაააქტიუროს პოლიტიკა ორი მიმართულებით: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და მეტი პროაქტიული კომუნიკაცია ბიზნესთან აღდგენის ნაწილში. იქ, სადაც აღდგენა მოხერხდა, არის ცალკეული შემთხვევები, როცა ბიზნესის წარმომადგენლებმა არ იციან, როგორ იფუნქციონირონ. რაც უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება მთავრობიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ სოციალური დახმარებების ნაწილი ავტომატურად შემცირდება. იქ, სადაც ბიზნესი ფუნქციონირებს და ადამიანები დასაქმებულები არიან, სახელმწიფოს სოციალური დახმარების ვალდებულებები შეუმცირდება. ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მუდმივად სოციალური დახმარებების იმედად ვერავინ იცხოვრებს. საჭიროა მოქმედება, მუშაობა... დარწმუნებული ვარ, ადამიანებს ურჩევნიათ თავად იმოქმედონ, ვიდრე იყვნენ ვინმეს დახმარების იმედზე,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე შეფასებით, სახელმწიფომ ყურადღება არ უნდა მოადუნოს საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებითაც. აბაშიშვილის თქმით, იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულმა პირებმა პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ, აუცილებელია, რომ საქართველომ სხვადასხვა ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობები გააღრმავოს.
„სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ მიმართულებით მაქსიმალურად პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა კარგია. თუმცა ვერ გავაკეთებ იმ დაშვებას, რომ ჩვენი ქვეყანა სრულად უზრნველყოფს ჩვენ მიერ მოხმარებულ პროდუქტებს. ამიტომ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ვაჭრობა სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ გვექნება ჭარბი პროდუქცია და ამას გაყიდვა უნდა. არაერთხელ გვქონია შემთხვევა, რომ ფერმერებს და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს ჭარბი პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოუხდენიათ. ამიტომ საერთაშორისო ვაჭრობა აუცილებელია, აქცენტები უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომელი დარგები იქნება უპირატესი. საერთაშორისო ვაჭრობა კიდევ უფრო აქტიურად აღდგება და აქ ჩვენს როლზე უნდა ვიფიქროთ, ამ ნაწილში არ უნდა მოვდუნდეთ,“ - განაცხადა აბაშიშვილმა.