ანტიკრიზისული გეგმა ბუნდოვანია. ის სამართლებრივად და ფინანსურად უზრუნველყოფილი ჯერ არ არის, ვინაიდან ბიუჯეტი არ შემოსულა პარლამენტში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია ანტიკრიზისული გეგმის აღსრულების მექანიზმი და სოციალური დახმარებები დროში გაიწელება.
„ანტიკრიზისული გეგმა ბუნდოვანია. ის სამართლებრივად და ფინანსურად უზრუნველყოფილი ჯერ არ არის, ვინაიდან, ბიუჯეტი არ შემოსულა პარლამენტში. მისი აღსრულების მექანიზმი გაუგებარია და დროში გაიწელება არამხოლოდ პირდაპირი სოციალური დახმარებების ნაწილი, არამედ ეკონომიკურად მისი სხვა მხარეებიც. ანტიკრიზისული გეგმა არის დისკრიმინაციული, იგი ადამიანებს ყოფს ორ ნაწილად: აღრიცხულებად და აღურიცხავებად. 850 000 თვითდასაქმებული ადამიანი, რომელიც მძიმე შრომით არჩენდა საკუთარ ოჯახს, მთავრობის მიერ ფაქტობრივად მეორეხარისხოვნად არის ჩათვლილი. მათი დახმარების ოდენობა და დასახმარებელთა რაოდენობა აბსოლუტურად არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას და საჭიროებებს“, - განაცხადა გოცირიძემ.