კახა კალაძე - დედაქალაქის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერები არ გაუჩერებია

დედაქალაქის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერები არ გაუჩერებია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება, გაუფორმებენ თუ არა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულებებს.

„სამუშაოები ზოგადად ყველა მიმართულებით შეფერხებულია, გაჩერებული არ არის, გრძელდება, მაგრამ არა იმ ტემპით და მასშტაბებით, რაც პანდემიამდე იყო. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე შევძლებთ ისეთივე ტემპით სამუშაოების გაგრძელებას, როგორც ეს პანდემიამდე იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროექტების დასრულება, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტები. ასევე, 2020 წლის დასაწყისში საზოგადოებას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წარვუდგინეთ და დიდ მასშტაბებზე გავდიოდით. თუმცა, აქაც შეიძლება, გარკვეული პროექტების განხორციელებამ გადაიწიოს იმიტომ, რომ დღეს ბევრი რამის გადაფასება გვიწევს, სხვადასხვა პრიორიტეტებია სხვადასხვა მიმართულებით და ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას,რომ ეს პროექტები არ განხორციელდება. შესაძლოა, დროში გადაიწიოს, მაგრამ მოგვიანებით ყველა ეს სამუშაოო იქნება წარმოებული. ინფრასტრუქტურული მიმართულებით არცერთი ტენდერი არ გაგვიჩერებია, ყველას ვაგრძელებთ და პარალელურად სიტუაციას ვაკვირდებით. თუ იმის აუცილებლობა იქნება, რომ ეს თანხები სხვა მიმართულებით გადანაწილდეს, რა თქმა უნდა, გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულება არ გაუფორმდება და პროექტი გაჩერდება, თუ საშუალება მოგვეცემა სამუშაოები გავაგრძელოთ, პროექტები გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.