ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მიმდინარე წელს პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად საკმაოდ დიდი ბუფერები არსებობს და საბანკო სექტორის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც მან „ფეისბუქ" პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ 2008 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა საკმაოდ ბევრი თანხმა გამოყვეს ბანკების გადასარჩენად, წელს ეს არ იქნება. პირიქით, გვენეტაძის თქმით, საბანკო და ფინანსური სისტემა იქნება ერთ-ერთი საფუძველი, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ქვეყანა ამ სიტუაციიდან.
მისივე თქმით, პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ.
„არანაირი პრობლემა არცერთ ბანკში არ არსებობს, მათი სტაბილურობის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში თუ მოხდა შერწყმა, თუმცა არ ვადასტურებ, რომ რაიმე შერწყმა იქნება, თუ რაიმე მოხდა, ეს არ იქნება განპირობებული დღევანდელი პანდემიიდან მომდინარე ეკონომიკური პრობლემების ან იმის გამო, რომ ბანკს რაიმე ფინანსური პრობლემები აქვს. ჩვენ გასული წლების განმავლობაში, საკმაოდ ბევრი საზედამხედველო ზომა გავატარეთ იმისთვის, რომ საბანკო სისტემის სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა და გაგვემტკიცებინა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკას ციკლურობა ახასიათებს, არის პერიოდი როცა არის აღმავალი ციკლი, არის პერიოდი როცა არის დაღმავალი ციკლი და გარკვეულწილად, ამის სარკისებური ასახვა ბანკებშიც მიმდინარეობს ხოლმე. თუ გადავხედავთ უახლოეს ისტორიას, ბოლო პერიოდი როცა საქართველოს ბანკებისთვის წამგებიანი და ზარალიანი იყო, ეს არის 2008-2009 წლები და მოგეხსენებათ ამის მიზეზი რა იყო. ამის შემდეგ სექტორი საკმაოდ მაღალი მომგებიანობით ხასიათდებოდა," - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მომგებიანი წლების დროს საკმარისი ბუფერების დაგროვება სწორედ რთული პერიოდისას ზარალის შთანთქმისთვის ხდება.
„ზუსტად ეს არის ის, რაც ბანკებს და საბანკო სექტორს ამზადებს იმისთვის, რომ ეს პერიოდი ნაკლები დანაკარგებით გადაიაროს. ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში ეტაპობრივად განმკაცრდა საზედამხედველო მოთხოვნები და დღევანდელ გამოწვევას საბანკო სექტორი კარგად მომზადებული პასუხობს. საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგება 386 მილიონი ლარი იყო და წმინდა მოგება ნეგატიურია და - 747 მილიონ ლარს შეადგენს, რაც აქტივების მხოლოდ 1.5 % -ია. ეს ძირითადად არის კოვიდ 19- დან გამოწვეული ნეგატიური მოლოდინების რეზერვების შექმნით. საბანკო სექტორმა მარტის მდგომარეობით 1.2 მილიარდი ლარის სესხის შესაძლო დანაკარგის რეზერვები შექმნა. ეს არის პოტენციური და არა რეალიზებული დანაკარგი. საშუალოდ თუ შევხედავთ, მოგება ბოლო წლების განმავლობაში 900 მილიონი ლარი იყო, ყოველწლიური. ვფიქრობთ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ," - განაცხადა გვენეტაძემ.