ბანკები მაქსიმალურად გააკეთებენ იმას, რომ მსესხებელს, რომელსაც აქვს გარკვეული სიძნელეები, შეუმსუბუქონ პირობები და რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სესხების რესტრუქტურიზაცია თავად ბანკების ინტერესშია.
„როცა ვსაუბრობდი იმაზე, რომ საბანკო სისტემა მომზადებული ხვდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 3 თვის განმავლობაში როცა მოხდა გადავადება გადახდების, ეს არის ის თანხა, რომელსაც ბანკები ამ პერიოდის განმალობაში არ მიიღებენ და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ მათ ლიკვიდობის უფრო მომატებული მოთხოვნა აქვთ და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ლიკვიდობას ვაწვდით, ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ჩვენ ლიკვიდობას ვაწვდით გადახდისუუნარო ბანკებს და ორგანიზაციებს - არავითარ შემთხვევაში. ბანკები არიან აბსოლუტურად გადახდისუნარიანი, მათ აქვთ დროებითი საკითხები, დროებით ნაკლებობა ამ რესურსების იმ მიზეზების გამო, რაც დღეს მიმდინარეობს და იმ ლიკვიდობაში, რომელსაც ვაწვდით, ჩვენ საკმაოდ დიდი გირაო გვაქვს ჩადებული. ზუსტად იმ პოლიტიკამ, რომ ბანკებს ჰქონდათ კარგი მაჩვენებელი, კარგი ლიკვიდობა და კაპიტალი, შესაძლებლობა მისცა მათ, რომ ეს გადავადება განეხორციელებინათ. როცა ბანკებზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ აქ არ გვაქვს მხოლოდ სესხები, გვაქვს ვალდებულებებიც. ის სესხები გაიცემა იმ დეპოზიტების საფუძველზე, რომელიც არის ბანკში და რომლის საშუალებითაც ბანკი ახორციელებს სესხების გაცემას და ამ დეპოზიტებზე პროცენტის დარიცხვა არ შემცირებულა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავად ბანკებს სჭირდებათ ის, რომ ეს სესხები არ გაფუჭდეს, ამიტომ ბანკები მაქსიმალურად გააკეთებენ იმას, რომ მსესხებელს, რომელსაც აქვს გარკვეული სიძნელეები, შეუმსუბუქონ პირობები და რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ. ეს თავად ბანკებსაც სჭირდებათ ,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.