მსოფლიო ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის და სოციალური დაცვისთვის 180 მლნ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის და სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის 180 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების პაკეტს გამოყოფს. როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, აღნიშნული თანხით მოხდება ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების, ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარების და ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერა.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო ყველა ექიმის და ჯანდაცვის მუშაკის მიმართ, რომლებიც მოწინავე ხაზზე იმყოფებიან და განსაკუთრებულ და გმირულ საქმეს აკეთებენ. ასევე, გამოვხატავ ჩემს პატივისცემას ქართველი ხალხის მიმართ, ვინც არნახული დისციპლინა და სიმტკიცე აჩვენა COVID-19 პანდემიის ამ მეტად რთულ პერიოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენს პარტნიორთან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ერთად, გვსურს სიამაყით განვაცხადოთ ჯანდაცვის სექტორის და სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის 180 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების პაკეტის გამოყოფის შესახებ. კერძოდ, ჩვენ ვაპირებთ ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების, ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარების და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოწყვლადი პირების მხარდასაჭერად, რომელთაც სამუშაო დაკარგეს, ვგეგმავთ ღონისძიებების მთელი რიგის ხელშეწყობას მიზნობრივი სოციალური დახმარების და ფულადი ტრანსფერების საშუალებით. ახლა ეს ყოველივე ფართო პროგრამის ნაწილია, სადაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობაზე ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მექანიზმებით; მეორეა საქართველოს მთავრობა, რომელსაც ხელს შევუწყობთ ბიუჯეტის მხარდაჭერის ღონისძიებებით; მესამეა კერძო სექტორი, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარების თვალსაზრისით, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ვირუსის გამო ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. დაბოლოს, მსურს ყველა საჯარო და კერძო სუბიექტთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი კიდევ ერთხელ გამოვხატო. მტკიცედ მჯერა, რომ თუ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გავერთიანდებით, ამ კრიზისიდან გაცილებით ძლიერები გამოვალთ,“ - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა. ვიდეომიმართვის ქართულ თარგმანს „მსოფლიო ბანკი“ ავრცელებს.