ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე 600-მდე კომპანიაა შემოწმებული და კომპანიების 80%-მა მოთხოვნები დააკმაყოფილა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ამ დროისთვის 600-მდე კომპანიაა შემოწმებული.

„მონიტორინგი მიმდინარეობს და ასევე გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, ეს პუნქტები სამინისტროს მხრიდან იქნება აუცილებლად დაცული. დღემდე შემოწმებულია 600-მდე კომპანია, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათთან წინასწარი კომუნიკაციის შედეგად, ისინი იყვნენ იმდენად მზად, რომ კომპანიების 80%-მა დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლებიც იყო წარდგენილი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, სამინისტროს ვებ-გვერდზე დეტალურადაა შესაძლებელი ყველა იმ მოთხოვნის მოძიება, რომელსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. „დეტალები განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, სადაც დეტალურადაა ახსნილი თუ რომელ კომპანიას რა ვალდებულებები ეკისრება და ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობს ჩვენი შრომითი ინსპექციაც და ის დაწესებულებებიც, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გაისნას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.