გუშინ მივიღეთ 40 ათასი PCR ტესტი და 20 ათასი სწრაფი ტესტი. ველოდებით ტესტების ახალ მარაგს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან მოლაპარაკების შემდეგ, სამინისტრომ შესაძლოა, იმ მიზნობრივი ჯგუფების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღოს, რომელთაც კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ.
„ველოდებით ტესტების ახალ მარაგს. იცით, რომ მუდმივად ვმუშაობთ მარაგების შევსებაზე. გუშინ საქართველოში ჩამოვიდა ბოინგი, რომელიც დატვირთული იყო 52 ტონა ტვირთით. ამ ტვირთით ჩვენ მივიღეთ როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე 40 ათასი PCR ტესტი, 40 ათასი პრაიმერი და 20 ათასი სწრაფი ტესტი. გუშინ შეხვედრა გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან და მათი მხრიდან წამოვიდა ინიციატივა გარკვეული გაფართოებების შესახებ, თუმცა ტესტირების გაფართოების დეტალები უნდა დავაზუსტთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ამ დღეებში მათთანაც გვექნება შეხვედრა, რის შედეგადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას და სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან კონკრეტული დოკუმენტის შემუშავების შემდეგ, გავაფართოებთ გარკვეულ ჯგუფებზე ტესტირებას,“ - განაცხადა ტიკარაძემ.