ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარეს დასაქმებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის საკითხი კომისიური წესით გადაწყდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარეს დასაქმებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის საკითხი კომისიური წესით გადაწყდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიაში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართულები.

"თუ საზღვრის კვეთის დოკუმენტი გარკვეულწილად ჩვენ მოგვცემს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანები დასაქმებლები იყვნენ უცხოეთში, კომისიური წესით, გადაწყდება მათი საკითხი იმიტომ, რომ პროგრამულად და უფრო მარტივად ჩვენ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. კომისიური წესით ვიმსჯელებთ ჯანდაცვის სამინისტროში, ოღონდ ჩვენი უწყების წარმომადგენლებთან ერთად იქნებიან ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენ დავამუშავებთ ამ დოკუმენტაციას. მიდგომა იქნება ის, რომ ამ ადამიანებსაც შევძლოთ და დავეხმაროთ," - განაცხადა ტიკარაძემ.