"საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს"

საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი დღეს სოფელ დისველში ხორბლის ნათესებში სასუქის შეტანის პროცესს დაესწრნენ, ფერმერებს გაესაუბრნენ და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო, საგაზაფხულო სამუშაოები კარანტინის მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს. დღეს სოფელ დისველში ხორბლის ნათესები მოვინახულეთ, სადაც სასუქის შეტანის პროცესი უკვე დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგია, ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრები ახლა, პანდემიის დროს, მნიშვნელოვანია ფერმერების მხარდაჭერა, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ სავარგულების დამუშავება. ჩვენ ნებისმიერ ფერმერს საჭიროების შემთხვევაში დროულ დახმარებას აღმოვუჩენთ“ , - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.