„ნაციონალური მოძრაობა“ პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა, პენსიის ინდექსაციის მთავრობის მიერ შემოთავაზებული წესის მიხედვით, პენსიონერებს 400- ლარიანი პენსია 6-7 წლის შემდეგ ექნებათ.
„მთავრობის მიერ შემოთავაზებული პენსიის ინდექსაციის ამ წესის მიხედვით, ზომიერი ინფლაციისა და დაახლოებით 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს 400-ლარიანი პენსია გაუხდებათ 6-7 წლის შემდეგ. საუკეთესო შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 2026 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია, ფაქტობრივად, არ იზრდება და მისი რეალური მსყიდველუნარიანობა დაახლოებით იმ ფარგლებში იქნება, რაც დღეს არის. პენსიონერებისთვის ინფლაცია გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივად არის ხოლმე ქვეყანაში, ვინაიდან მათ მიერ მოხმარებული საქონელი გაცილებით მეტად უფასურდება, ვიდრე დანარჩენი პროდუქცია. ასე რომ, ეს მიუღებელია და ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვერ დავუჭერთ, ვინაიდან 6 წლის შემდეგ 400 ლარიანი პენსია დაცინვაა და მეტი არაფერი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პენსიის ინდექსაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. მისივე ინფორმაციით, ამ ცვლილებებით 70 წლამდე პირებისთვის პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 25 ლარით გაიზრდება.