2020 წელს 400 000 დოლარად შეძენილი მიწის 2 ნაკვეთი თბილისში და ქონება მარგარიტის კუნძულზე  - რა ქონებას ფლობს დეპუტატი ვალერი გელაშვილი

ვალერი გელაშვილის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მეოთხედ გახდა, მან ამჯერად ოთარ ჩრდილელი ჩაანაცვლა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მანამდე ვალერი გელაშვილი იყო საქართველოს სამი მოწვევის (V, VI, VIII) პარლამენტის დეპუტატი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი გელაშვილი მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც არჩევნებში დამარცხდა. ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გელაშვილი იყრიდა კენჭს, “თოფაძე-მრეწველების” კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა, რომელიც ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს დეპუტატი ვალერი გელაშვილი. დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 16 აპრილს შეავსო.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული გელაშვილი ფლობს სახლს ხაშურში, რომელიც 2018 წელს 500 000 დოლარად იყიდა, ასევე ხაშურში ფლობს კომერციულ ფართს, რომელიც 2019 წელს 69 978 ლარად შეიძინა.

ვალერი გელაშვილის სახელზეა რეგისტრირებული მიწის 2 ნაკვეთი თბილისში, დუშეთის ქუჩაზე, რომელიც დეპუტატმა 2020 წელს წელს 400 000 დოლარად იყიდა. ამავე ქუჩაზე მიწის ნაკვეთი გელაშვილმა 2019 წელსაც იყიდა, 105 000 დოლარად. ამასთან, გელაშვილის სახელზეა 425,92 კვ.მ სახლი თბილისში, ასვე დუშეთის ქუჩაზე, რომელიც 2017 წელს 300 000 დოლარად შეიძინა. ამავე წელს, მან 70 000 ლარად იყიდა ბინა თბილისში და 19 393 ლარად მიწის ნაკვეთი.

165 კვ.მ ფართის ბინას ფლობს დეპუტატი ვენესუელაში, მარგარიტის კუნძულზე, რომელიც 2006 წელს 310 000 დოლარად იყიდა, ამავე კუნძულზე ფლობს 52 800 კვ.მ ფართობის მიწას, რომელიც 2010 წელს 6 700 000 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსების მომენტში ვალერი გელაშვილის მფლობელობაში იყო 2 მსუბუქი ავტომანქანა, JEEP HUMMER H1 და „პორშე“, ორივე ავტომობილი დეპუტატმა 2006 და 2008 წლებში იყიდა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ვალერი გელაშვილს დეპოზიტზე ჰქონდა 665 000 დოლარი და 70 000 ევრო, საკრედიტოზე კი 47 000 დოლარი.

2019 წელს ხელფასის სახით ვალერი გელაშვილს შპს საბურთალო პალასში აღებული აქვს 36 000 ლარი; შპს ლიტ ჯეო ინვესტში - 68902,49 ლარი და შპს ივერიაში 12 000 ლარი.