„მაგთი“ ტარიფს ვერ გააძვირებს - როდემდე ისარგებლებენ მოქალაქეები არსებული პაკეტით

კომპანია „მაგთიკომის“ სურვილი, ცალმხრივად შეეცვალა სატარიფო გეგმა, არ შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა ადვოკატები ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხმარებლები პაკეტით: „მარტივი 25“ მინუმუმ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კვლავ ისარგებლებენ და სატარიფო გეგმის შენარჩუნების საკითხს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევა გადაწყვეტს.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ კომპანიის მხრიდან სატარიფო გეგმის ცვლილების შესახებ საჯარო ინფორმაციის პირობებში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან მოახდინა კომუნიკაცია და აღნიშნა, რომ თუ მობილური ოპერატორები ტარიფს ცალმხრივად ისევ შეცვლიდნენ, დაიწყებოდა სტრატეგიული სამართალწარმოება სასამართლოში.

„ორგანიზაციამ კომისიის 13 მარტისა და 8 აპრილის წერილით, საკითხთან დაკავშირებით მიიღო სრულფასოვანი ინფორმაცია და მოახდინა საკითხის სამართლებრივი ანალიზი. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ დაანონსებული ინფორმაცია 2020 წლის 6 აპრილიდან მომსახურების პაკეტის „მარტივი 25“-ის გაუქმების შესახებ კომპანიამ გადაავადა 2020 წლის 6 ივლისამდე.

ამასთან, სატარიფო გეგმის ცვლილების საკითხის და წინაპირობების საფუძლიანად შესწავლის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, დაიწყო „მობილური ქსელით საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ-მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყების შესახებ“ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ჩვენ ამ პროცესსაც განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით,“-აცხადებს მენოგნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში „მაგთიკომმა“ აბონენტებს შეტყობინებები გაუგზავნა, რომლის ტანახმადაც, კომპანია გეგმავდა 6 აპრილიდან “მარტივი 25”-ის პაკეტს გააუქმებას. მის ნაცვლად კი გაძვირებული პაკეტი - ”მარტივი 30” ამოქმედდებოდა. ამ ინფორმაციას მარტში კომუნიკაციების კომისიაც გამოეხმაურა. მათი ცნობით, კომისია შეისწავლიდა კომპანია „მაგთიკომის“ მიერ 25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანი პაკეტით ჩანაცვლება - არის თუ არა გაძვირება და რამდენად აქვს კომპანიას არსებული პაკეტის გაუქმების უფლება.

თაია არდოტელი