ამ ეტაპზე, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე არსებული ბაზარი სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და შესაბამისად, ხვალიდან შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას, - ეს განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ გააკეთა.
გოგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, რეგიონის ხუთივე ბაზარი გაიხსნება, თუ ყველა დადგენილ წესს სრულყოფილად დააკმაყოფილებენ.
,,რეგიონის ღია აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებენ, თუ ყველა რეკომენდაციას დაიცავენ. ამ ეტაპზე, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე არსებული ბაზარი აკმაყოფილებს სრულად სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს და შესაბამისად, ხვალიდან შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას. ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ინტენსიურად, ბაზრის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, ტერიტორიაზე მყიდველები პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
მხარის ადმინისტრაციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შიდა ქართლის აგრარულ ბაზრებში არსებულ მდგომარეობას დღეს გაეცნენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლში მოქმედი ხუთი აგრარული ბაზარი 4 აპრილს დაიკეტა.