ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა აცხადებს, რომ საქართველომ სწრაფად იმოქმედა შეკავების მიმართულებით და შედეგად ქვეყანაში ინფიცირებულთა დაბალი რაოდენობა ფიქსირდება. ამის შესახებ კატერინა მატერნოვამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან პანდემიის პირობებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარებას და ვირუსის გარშემო არსებულ დეზინფორმაციას ეხებოდა.
„საქართველომ ძალიან სწრაფად იმოქმედა შეკავების თვალსაზრისით. ამიტომ სამედიცინო სიტუაცია ცუდი არაა. შემთხვევების რაოდენობა მცირეა, მაგრამ ძალიან პირდაპირია ეკონომიკური ზეგავლენა“, - განაცხადა კატერინა მატერნოვამ.
მან იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც ევროკავშირი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად დგამს და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში ევროკომისია წარადგენს მაკროეკონომიკური დახმარების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს სამი ქვეყნისთვის, ესენია : უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. კერძოდ, უკრაინისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1.2 მილიარდი ევრო , საქართველოსთვის 150 მილიონი, ხოლო მოლდოვასთვის 100 მილიონი ევრო.
ცნობისთვის, 2009 წელს ევროპის საბჭოს ინიციატივით, შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership – EaP) პროექტი. ის შემდეგ 6 ქვეყანას აერთიანებს: აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.