მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

საქსტატის მონაცემებით, პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა კი 1.5 პროცენტით განისაზღვრა.

„წინასწარი შეფასებით, მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 2.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ია“,-აღნიშნა თოდრაძემ.

საქსტატის მონაცემებით, კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების (ტურიზმის), ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

საქსტატის ინფორმაციით, მარტში 47%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და 2,426 შეადგინა.

დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ კი 6.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 0.7%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე.