საქართველოს ბიზნეს ასოციაციია უაქციზო თხევადი გაზის დაბეგვრის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.
„დარწმუნებული ვართ, თხევადი გაზის დაბეგვრასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები უმოკლეს ვადაში მოგვარდება და სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად მიიღებს კუთვნილ თანხებს, ხოლო ბიზნესი კი კონკურენტულ გარემოს.
ქვეყნაში შექმნილი რეალობა, ალბათ ისე როგორც არასდროს, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან მოითხოვს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რაც მათ შორის მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სრულად მობილიზებას და ამ კუთხით კვლავ არსებული ე.წ. “ხვრელების” ამოვსებას.
როგორც ვიუწყებოდით, საქართველოში ხორციელდება უაქციზო სასაქონლო კოდის (2901 10 000 00 - ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) გამოყენებით თხევადი გაზის იმპორტი და მისი შემდგომი რეალიზაცია როგორც თხევადი საავტომობილო გაზი (LPG).
ზემოაღნიშნულ სასაქონლო კოდზე არ ვრცელდება აქციზის გადასახადი, ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია ადრე გამოიყენებოდა ქიმიურ მრეწველობაში და მისი იმპორტი ხორციელდებოდა უმნიშვნელო რაოდენობით. დღეისათვის ამ კოდის გავლით უაქციზოდ განბაჟებული პროდუქტის მოცულობა კი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და როგორც ზემოთაც აღინიშნა ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც საავტომობილო თხევადი საწვავი.
უაქციზო სასაქონლო კოდის გამოყენებით თხევადი გაზის, ანუ ნავთობპროდუქტის იმპორტის განხორციელება, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს. ამასთან, შექმნილი არაკონკურენტული გარემოს გამო ზარალდებიან კეთილსინდისიერი მეწარმეები. ასევე ზარალდებიან მომხმარებლები, რომლებიც, საბოლოო ჯამში იღებენ არასტანდარტულ პროდუქტს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივა და ლეგიტიმური თხოვნა საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრისა და ზოგადად თხევადი გაზის დაბეგვრის სფეროში დღეს არსებული პრობლემების მოგვარების კუთხით უკვე პარლამენტშია. დარწმუნებული ვართ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ ოპერატიულად მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც, ერთის მხრივ, შეაჩერებს იმ მნიშვნელოვან ზიანს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ადგება და, მეორეს მხრივ, ამ სფეროშიც შექმნის და დაამკვიდრებს კონკურენტულ, თანაბარ პირობებს ყველა მონაწილისათვის, რაც ბიზნესის ჯანსაღი განვითარებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ატრიბუტია“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე.