საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,627 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,728 მოქალაქე.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.
როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე: https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/CoVID-19-mfa-stats.aspx. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 2 მაისი - პრაღა-ბათუმი, 5 მაისი - ათენი-თბილისი, 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი, 9 მაისი - ბერლინი-თბილისი.