ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის განკარგულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში 13 000-ზე ნაკლები რეგისტრირებული კონტინგენტის მქონე კლინიკებს დაფინანსება უწყდება, დღეს პირველადი ჯანდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართება. მინისტრის განმარტებით, სხდომაზე იმსჯელებენ იმ ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობს დაბებში და მოსახლეობის დაფარვიდან გამომდინარე, ბენეფიციარების რაოდენობა ვერ აღწევს 13 000-ს. მისი თქმით, ასეთი ობიექტები სტრატეგიულ ობიექტებად დარჩებიან.
რაც შეეხება არასამედიცინო დაწესებულებებს, ტიკარაძის განმარტებით, მათთან მიმართებაში გადაწყვეტილება ძალაში დარჩება.
„ჩვენ მივყვებით დადგენილებას. დღეს საღამოს 6 საათზე გაიმართება პირველადი ჯანდაცვის საბჭო ამასთან დაკაშირებით, სადაც ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობს დაბებში და მოსახლეობის დაფარვიდან და ბენეფიციარებიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა ვერ აღწევს 13 000-ს, თუმცა გამომდინარე იქიდან, თუ სად არიან ისინი გეოგრაფიულად ლოკალიზებულები, ისეთი დაწესებულები დარჩებიან, როგორც სტრატეგიული ობიექტები.
სხვა დაწესებულებები, რომლებიც მეტწილად წარმოადგნენ არასამედიცინო დაწესებულებებს, არამედ ისეთებს, რომლებიც არის ესთეტიკური ცენტრები და ისინი დამატებით მონაწილეობდნენ სახელმწიფო დაფინანსებაში, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ეს განხორციელდება. რაც შეეხება პერსონალის უმუშევრად დარჩენას, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის ექიმების დეფიციტი, შესაბამისად ექიმები და ექთნები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, მათ მიმართ იქნება დეტალური და პერსონალური განხილვები და შესაბამისად, უმუშევრობის კომპონენტის რისკი არის მნიშვნელოვნად დაბალი”, - განმარტავს მინისტრი.