დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილში მდებარე „ანას ბაღთან“ მშენებლობაზე ნებართვა თავის დროზე სწორად გაიცა და მშენებლობის გაგრძელებით ბაღს პრობლემა არ შეექმნება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მერობის პერიოდში ქალაქში არსებულ სკვერებში მშენებლობა ვერ მოხდება და იმ პროექტს, რომელიც „ანას ბაღთან“ ხორციელდება, პარკთან კავშირი არ აქვს.
„ეს კერძო კომპანიებსა და კონკრეტულ ადამიანებს შორის დავა იყო. ის შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე, როდესაც ნებართვა იყო გაცემული, სწორად იყო გაცემული და თვითონ „ანას ბაღს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის დავიცავთ რეკრეაციულ სივრცეებს და არ მოხდება ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ქალაქში - პარკების, სკვერების ნაცვლად ხდებოდა შენობა-ნაგებობების განთავსება. ვაკის პარკი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, ასევე, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გაცემული იყო ნებართვები მშენებლობისთვის. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც ეს მშენებლობები შეაჩერა. სკვერებში, პარკებში ვერანაირი მშენელობა ვერ მოხდება, ვიდრე მე ვარ ქალაქის ხელმძღვანელი. „ანას ბაღს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმ მშენებლობას, რომელიც მიდინარეობს „ანას ბაღთან“ შემხებლობა არ აქვს“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, როგორც გუშინ „ანას ბაღის“ დამცველმა აქტივისტებმა განაცხადეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება და "ანას ბაღთან" მშენებლობის გაგრძელების ნება დართო მშენებელს დავის დასრულებამდე.