ეკონომიკური ვარდნა ზოგადად ახასიათებს კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ცუდია ის, რომ მთავრობამ მყისიერი რეაგირება ვერ მოახდინა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.
კაპანაძის თქმით, მთავრობამ ვერ წარმოადგინა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროგრამა და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ კრიზისის პირველივე თვეს საქართველოს ამხელა ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა.
„ბუნებრივია, მარტში ასეთი ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელი იყო. ეს ზოგადად ახასიათებს კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ცუდია ის, რომ მთავრობამ მყისიერი რეაგირება ვერ მოახდინა, ვერ წარმოადგინა ვერც ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროგრამა, არც „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზებული კონკრეტული პროგრამა არ გაითვალისწინა და დრო დაკარგა. შესაბამისად, ის, რომ კრიზისის პირველივე თვეს ამხელა ეკონომიკური ვარდნა გვქონდა, არის სწორედ ამის დამსახურება. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ ფეხს ითრევს კონკრეტული ეკონომიკური ნაბიჯების გადასადგმელად, მათ შორის არ აპირებს გადასახადების შემცირებას, არ აპირებს მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის დაბრუნებას და ა.შ. ანუ არ აპირებს იმას, რაც შეამცირებდა ეკონომიკაზე წნეხს და გარკვეულწილად გზას დასახავდა, თუ როგორ დავძლიოთ ეს ეკონომიკური კრიზისი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა.