რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, ღია აგრარული ბაზარი ხვალიდან გაიხსნება

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ტიპის აგრარული ბაზარი ხვალიდან გაიხსნება.

რუსთავში ღია აგრარული ბაზრის გახსნითვის შესაბამისი ტერიტორიის მომზადების პროცესს, დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნენ.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა რეკომენდაციები, რაც ბაზრის ადმინისტრაციას მოაწოდა, ნაწილობრივ უკვე შესრულებულია და მზადება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

" ამ ტერიტორიაზე ღია აგრარული ბაზრის გახსნისთვის რეკომენდაციები ბაზრის ადმინისტრაციას რამოდენიმე დღის წინ პირადად გავაცანი. ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა. რეკომენდაციების 60 პროცენტი ფაქტიურად შესრულებულია და არ ვფიქრობ, რომ დარჩენილი 40 პროცენტის შესარულება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და ბაზრის ადმინისტრაციამ იცის, რომ ჩვენ თავიდან ბოლომრე ვიქნებით პროცესში ჩართულნი. მესმის, რომ რთულია, არ აქვთ მსგავსი სიტუაციის მართვის გამოცდილება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ყველა საჭირო სტანდარტი, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის აუცილებელი, უნდა იყოს დაცული. არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ დღეს ბაზარი გავხსნათ და ხვალ ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო ისევ დასახური გახდეს. მთავარია, რომ ყველა რეკომენდაცია შეასრულონ და დაიცვან აუცილებელი სტანდარტები “ , - განაცხდა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

სწორი მენეჯმენტის წარმოების გზით, პანდემიის პირობებში აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური აქტივობები. საუბარია ღია ტიპის აგრარული ბაზრის გახსნის საკითხზე. რუსთავში არსებული ეს სივრცე იძლევა ბაზრის გახსნის საშუალებას. სტანდარტები თითქმის დაცულია, პროცესში ჩართულია რუსთავის მერია და ქვემო ქართლის სამხრეო ადმინისტრაცია. დარჩენილია მცირე ხარვეზები. ჩვენ დღეს მივუთითეთ ბაზრის ადმნისტრაციას ამ ხარვეზების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე იქნება მენეჯმენტი. ერთი მხრივაა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება და ის სტანდარტები, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო საზღვრავს და მეორე მხრივაა მენეჯმენტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს სოციალური დისტანციის დაცულობა. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ დაგვავიწყდეს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესასრულებელი რეკომენდაციები. რუსთავი დიდი ქალაქია და მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება უსაფრთხოდ შეიძინოს პროდუქტი ბაზარში, ასევე ფერმერებსაც უნდა ჰქონდეთ პროდუქტის რეალიზების შესაძლებლობა. როგორც ვთქვით, აქ მცირე ხარვეზებია გამოსასწორებელი, რომლებიც დღის ბოლომდეც შეიძლება რომ აღმოიფხვრას. ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ თუ ყველა ეს ხარვეზი გამოსწორდება, ხვალიდან შესაძლებელი იქნება აქ ღია აგრარული ბაზარი გაიხსნას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით კი, ტერიტორია უკვე რამოდენიმე დღეა მზადდება ღია აგრარული ბაზრის მოსაწყობად და იმ შემთხვევაში, თუ ყველა ის მოთხოვნა იქნება დაცული, რასაც ბაზრის ადმინისტრაციას უყენებენ, ხვალიდან ბაზრის გახსნა შესაძლებელი იქნება.

,,ჩვენ შეძლებისდაგვარად მოვამარაგებთ პირბადეებით, დილიდან აქ იქნებიან მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და მოხალისეები, მაქსიმალურად დავეხმარებით და თუ ყველა იმ მოთხოვნას შეასრულებენ, რომელსაც ბაზრის ადმინისტრაციას ვუყენებთ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხვალიდან ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყოს და რუსთაველებმა შეძლონ შეიძინონ პროდუქტი კომფორტულად და უსაფრთხოდ. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება მარნეულში და აქაც ყველა სტანდარტის დაცვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.