სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას 56 სამედიცინო დაწესებულება აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დაწესებულებებით დაახლოებით, 90 ათასი ადამიანი სარგებლობდა, რომლებიც სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან.
ამასთან, გაბუნიას განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 7 ათას და მეტ მოსახლეს ემსახურებიან, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას განაგრძობენ.
„მიმდინარე წლის იანვარში მიღებულ იქნა მთვრობის დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ქსელში სელექტიური კონტრაქტის ამოქმედებას საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში. დღეს იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი დაწესებულებები უნდა დარჩეს სერვისის მიმწოდებლად პროგრამაში იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რასაც ითვალისწინებდა ეს დადგენილება. აქ საქმე შეეხება მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობას. ოპტიმალური რაოდენობა განისაზღვრა 13 ათასი და მეტი მოსახლე, ასევე მონაწილეობა პრევენციულ სერვისებში, ადამიანური რესურსის განათლების პროგრამებში მონაწილეობა. ეს კრიტერიუმები დაწესებულებების ნაწილმა დააკმაყოფილა. სულ 117 დაწესებულება არის თბილისის ფარგლებში, ასევე 20-მდე დაწესებულება ბათუმის და ქუთაისის ფარგლებში. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანია, ასევე ვიმსჯელეთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც მოსახლეობისთვის, თუ რომელი დარჩეს. აქ საქმე შეეხება დაბების მოსახლეობას. მაგალითად, დაბა წყნეთი, ფონიჭალა, ლილოს დასახლება, სადაც 13 ათასი მოსახლე არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ იქ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის დაწესებულება დარჩეს. ასევე ვისმჯელეთ იმ დაწესებულებებზე, სადაც მოსახლების რაოდენობა არის 7 ათასზე ზემოთ, ანუ ზღვარი არის 7-დან 13 ათასამდე. ამ შემთხვევაში, როდესაც სელექტიური კონტრაქტირება დავიწყეთ და სისტემა შევაფასეთ, ბაზისური ერთეული , რომელსაც სამომავლოდ პირველადი ჯანდაცვის სისტემა უნდა დაემყაროს, ოპტიმალური გეოგრაფიული განაწილებით იყო 7-ათასიანი ზღურბლი, რომელსაც თავისუფლად და ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეუძლია დამატებითი მოსახლეობის მიმაგრება, რომ აწარმოოს ბაზისური სერვისი. კოვიდის ეპიდემიის პირობებში ამ დაწესებულებებისთვის რთული იყო აქტიური მარკეტინგის წარმოება საბჭომ გაითვალისწინა ეს და ის დაწესებულებები, რომლებიც ემსახურებიან 7 ათას და მეტ მოსახლეს, ასეთი კი სულ რამდენიმე დაწესებულებაა, ხელოვნური იქნებოდა ამ დაწესებულებების პროგრამიდან გამოთიშვა. ამდენად, საბჭოს რეკომენდაციით, ეს დაწესებულებები პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებენ რაც გამყარდება მინისტრის ბრძანებით“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, რამდენიმე დაწესებულების ადგილზე შეფასება ჩაითვალა აუცილებლად გამომდინარე იქედან, რომ არის იქ სერვისის სხვა მიმწოდებელი, რომელიც მარტივად მოემსახურება იმ მცირერიცხოვან მოსახლეობას, რომელსაც ეს დაწესებულებები აქამდე ემსახურებოდნენ.
„სულ ჯამში სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულება. ეს დაწესებულებები ემსახურებოდნენ მოსახლეობის მცირე რაოდენობას, 200, 300-ს, 1000-ს, 1500 ადამიანს, იყვნენ გაფანტულები. ჯამურად 56 დაწესებულებაზე მიბმული იყო 90 ათასი ადამიანი. ესენი პირველ ეტაპზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით გადამაგრდებიან სხვა მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებთან, თუმცა, შემდეგ ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის უფლება და ისინი არჩევანს იმ დაწესებულებებს შორის გააკეთებენ, რომლებიც განაგრძობენ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას“, - განაცხადა გაბუნიამ.