რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ღია ტიპის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება დღეს დილიდან დაიწყო. ადგილზე არსებულ სიტუაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი ეცნობიან.
როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ფასები ოდნავ მომატებულია, თუმცა ფასების მატება პროდუქციის გარკვეულმა დეფიციტმა შექმნა.
„ყველა რეკომენდაცია დაცულია ტერიტორიაზე შესვლით დაწყებული, თერმოსკრინინგი, ნიღბები და დისტანცირებით დამთავრებული. გარკვეულ პროდუქტზე უამინდობიდან გამომდინარე დეფიციტია. გუშინაც ვამბობდი, რომ მარნეულიდან 75 ტონა კიტრი გამოვიდა, მოთხოვნა კი 100 ტონაზე იყო და ამან და უამინდობამაც შექმნა გარკვეული დეფიციტი. ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი პროდუქცია შემოვა მარნეულიდან და ბოლნისიდან და ფასებიც დაიკლებს", - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ბაზრობაზე მონიტორინგი მიმდინარეობს, მოხდა მოვაჭრეების პირბადეებით უზრუნველყოფა, ასევე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.
„მომხმარებლები იცავენ წესებს, რაც ძალიან კარგია და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. არის შენიშვნები მოვაჭრეებთან დაკავშირებით და იმედი მაქვს ამას ბაზრის ადმინისტრაცია მიხედავს", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ცნობისთვის, გუშინ ღია აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს, ისინი სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას და ბაზრის გახსნას ითხოვდნენ.