„თავდაცვის ბიუჯეტის 5%-იც რომ ყოფილიყო პანდემიისთვის მზადებისთვის გამოყოფილი, მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრად წარმატებული იქნებოდა"

მსოფლიო კორონავირუსს უკეთესად უნდა გამკლავებოდა, - ამის შესახებ, „მაიქროსოფთის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა CNN-თან საუბრის დროს განაცხადა.

„იანვარსა და თებერვალში სათანადოდ რომ განხორციელებულიყო საზოგადოების ტესტირება, ამ საშინელ ეკონომიკურ დანაკარგამდე არ მივიდოდით. შესაძლებელი იყო ინსტრუმენტების ისეთი განვითარება, რომ ეპიდემია მცირე მასშტაბებით განვითარებულიყო“,-აღნიშნა გეითსმა.

მისივე თქმით, საჭიროა ამ მიმართულებით მეტი თანხების გამოყოფა.

„თავდაცვის ბიუჯეტის 5% ან უფრო ნაკლებიც რომ ყოფილიყო გამოყოფილი პანდემიისთვის მზადებისთვის, ინოვაციებისთვის, მარაგებისთვის, მსოფლიო ბევრად წარმატებული იქნებოდა“, - დასძინა ბილ გეითსმა.

ცნობისთვის, გლობალურად კორონავირუსის 3 300 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. ეპიდემიას მსოფლიოს მასშტაბით 234 000- ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.