საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ავსტრიაში საქართველოს პრეზიდენტის გადადებული ვიზიტი პანდემიის დასრულების შემდეგ გაიმართება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტებმა საქართველოსა და ავსტრიაში კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებსა და ეკონომიკის გახსნის გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პანდემიამ პრობლემები შეუქმნა როგორც ავსტრიაში ასევე, საქართველოში ტურიზმის სექტორს, რაც ქვეყნების ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
„ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოს ტურიზმის მიმართულებებითა და სექტორის განვითარების პოტენციალით დაინტერესდა. ავსტრიელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ტურიზმის მიმართულებებისა და მისი შესაძლებლობების შესახებ.
პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და ავსტრია უსაფრთხო ტურიზმის სტრატეგის შექმნისათვის აქტიურად ითანამშრომლებენ, რაც ხელს შეუწყობს პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის ამუშავებასა და უფრო აქტიურ განვითარებას.
საუბარი შეეხო კრიზისის შემდგომ ახალ მსოფლიო წესრიგსა და პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის როლს.
პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე კრიზისი ხელს ვერ შეუშლის ევროკავშირის განვითარებას და საქართველოს ერთადერთი გზა ევროპული ინტეგრაციაა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო სოლიდარობის ფონზე საქართველოში საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება, ოკუპირებულ რეგიონებში კი, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.