ქვეყნისა და რეგიონისთვის აუცილებელი ლოგისტიკური მხარდაჭერის უწყვეტობის მიზნით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აგრძელებს 24/7 მუშაობას და მომხმარებელთა ჩვეულ რეჟიმში მომსახურებას, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კი თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში სპეციალური ზომებია შემოღებული,-ამის შესახებ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, პანდემიის გამოცხადების პირველივე დღეებიდან, ნავსადგურის ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ გატარებულ იქნა სხვადასხვა ღონისძიება. კერძოდ, ნავსადგურის შენობა-ნაგებობების, სპეცტექნიკისა თუ მცურავი ერთეულების მუდმივი დეზინფექცირებით, ყოველდღიური სამედიცინო შემოწმებებითა და თანამშრომლებისათვის სრული ჰიგიენური ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით აღჭურვით, განუხრელად ითვალისწინებენ ჯანდაცვის კუთხით გამოცემულ რეკომენდაციებსა და რჩევებს.
მათივე ინფორმაციით, ნავსადგურის ტერიტორიაზე ვირუსის დროული დაფიქსირებისთვის, ფოთის საზღვაო ნავსადგური თანამშრომლობს სამედიცინო მომსახურების მომწოდებელ კომპანია „ჯეომედსერვისთან,“ რომელიც სრულ მზადყოფნაშია შესაძლო საგანგებო სიტუაციების სამართავად, მათ შორის, სპეციალურად მოწყობილია დროებითი საიზოლაციო ოთახი ნავსადგურის ტერიტორიაზე. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მომხმარებელთა მომსახურების ცენტრში, რომელსაც დღის განმავლობაში სტუმრობენ მომხმარებლები, ამოქმედებულია ხმოვანი შეტყობინება ორმეტრიანი დისტანციის დაცვის შეხსენების მიზნით და დარბაზში განთავსებულ მონიტორებზე მომლოდინეთათვის გადაიცემა ინფიცირების პრევენციისთვის სავალდებულოდ დასაცავი წესები. ამასთან, ვიზიტორთა უსაფრთხო ქცევის წასახალისებლად, მთელი სივრცე მონიშნულია უსაფრთხო განლაგების მანიშნებელი წერტილებით, ვირუსის წვეთოვანი გზით გადადების პრევენციის მიზნით კი თანამშრომლების სამუშაო სივრცე გამოყოფილია გამჭვირვალე დამცავი ბარიერით. ქვეყნისა და რეგიონის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უწყვეტი ოპერირების უზრუნველსაყოფად, კომპანიამ შეიმუშავა საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების მრავალმხრივი გეგმა (რომელიც ამჟამად მოლოდინის რეჟიმშია), რომელიც გულისხმობს ოპერირებისთვის კრიტიკულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების იზოლირებას, ვირუსისგან მათი მაქსიმალური დაცულობისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშიც კი, ნავსადგურის შეუჩერებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. ასეთ რთულ ვითარებაში, კომპანიის ძირითად პრიორიტეტად რჩებიან მისი თანამშრომლები.
„თანამშრომელთა დახმარების ფონდი,“ რომელიც ივსება თანამშრომელთა და კომპანიის შენატანებით, სპეცრეისებზე განსაზღვრული ავიაბილეთის საფასურის ანაზღაურებით დაეხმარება კომპანიის თანამშრომელს ან/და მისი უახლოეს ოჯახის წევრს, რომელიც მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მიზეზით ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და შრომის ბაზარზე შექმნილი ვითარების მიუხედავად, კომპანიამ, მოქმედი სარგებლის და ანაზღაურების პოლიტიკის შესაბამისად, აპრილის თვიდან, არსებული ყოველწლიური პრაქტიკით გაზარდა თანამშრომელთა ხელფასები და გასცა წლიური ბონუსი.
„რამდენადაც თანამშრომლების ჯანმრთელობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, კრიტიკულ პოზიციებზე დასაქმებული ჩვენი კოლეგები ზედმიწევნით იცავენ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამკაცრებულ წესებს. ამის გათვალისწინებით და მოცემულობით, რომ ჩვენი თანამშრომლების დანარჩენი ნაწილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ჩვენი გუნდის გულითადი მუშაობით, უწყვეტად და სრული შემართებით ვაგრძელებთ ტვირთების მომსახურებას და უზრუნველვყოფთ ქვეყნისა და რეგიონის კავშირს გლობალურ სავაჭრო ქსელთან. ამასთან, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ჩართული ვართ სხვადასხვა ინიციატივაში, რომლებიც მიემართება ჩვენი ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობას და გვჯერა, რომ მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ამ უხილავი მტრის დამარცხებას“,-აცხადებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის” გენერალური დირექტორი კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი.