წლევანდელი წელი, ყველაზე კონსერვატიული პროგნოზებით, სულ მცირე -4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ეფექტური პოლიტიკის და ანტიკრიზისული გეგმის შედეგად, 2021 წელს შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკამ 4%-იან ზრდას მიაღწიოს. ამასთან, მინისტრმა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც ბიზნესის მხარდაჭერაზეა მიმართული და აღნიშნა, რომ შეღავათები საშემოსავლო გადასახადის კუთხით, ბიზნესს დასაქმებულების შენარჩუნებაში დაეხმარება.
„პირველ რიგში რაც გაკეთდა არის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სამუშაო ადგილების შენარჩუნებისკენ. ესაა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ბიზნესისთვის შეთავაზებული შეღავათი, რაც გულისხმობს, რომ 1500 ლარამდე ხელფასის მქონდე დასაქმებულზე ბიზნესს შეღავათი ექნება საშემოსავლო გადასახადის გადახდაში, მათ შორის 750 ლარის მქონე დასაქმებულზე საშემოსავლო გადასახადი საერთოდ განულდება. ეს არის შესაძლებლობა და შანსი ბიზნესისთვის, რომ ხელისუფლებას გადაუნაწილოს ტვირთი, რაც მათ დღეს აწევთ, როდესაც შემოსავალი შეუმცირდათ და გასაცემი აქვთ ხელფასები. ამ ღონისძიების ფარგლებში მაქისმალურად ვუდგავართ გვერდში ბიზნესს, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ“,-აცხადებს თურნავა.