ნათია თურნავას განცხადებით, დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმით, სულ მცირე, 600 მილიონი ლარი დაბრუნდება ეკონომიკაში

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმით, სულ მცირე, 600 მილიონი ლარი დაბრუნდება ეკონომიკაში. ამის შესახებ მან უწყების გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების ნაწილში ძალიან დიდი პაკეტი მზადდება.

„ამაზე დეტალურად მინისტრი ლევან დავითაშვილი ისაუბრებს, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელიც ჩვენი და მთავრობის ყველა პროგრამაში განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი სიახლე, როგორიცაა დაკავშირებული დღგ-ს ავტომატურ დაბრუნებასთან. ძალიან გამარტივდება ეს მექანიზმი და ეს არის შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტის, სულ მცირე 600 მილიონი ლარის დამატებითი რესურსი ჩაისხას ეკონომიკაში. ეს ძალიან წაადგება ჩვენს ბიზნესებს იმ დროისთვის, როცა მათი ამოქოქვა დაიწყება და თქვენ იცით, რომ ძალიან ფრთხილად, რისკების მართვით, მაგრამ უკვე დავიწყეთ სხვადასხვა შეზღუდვის შერბილება," - განაცხადა თურნავამ.