მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაიზარდა და 40 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული ეკონომიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრმა მიკროგრანტების პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამ პროგრამით სავარაუდოდ, 5 000-მდე ოჯახი ისარგებლებს.
„კიდევ ერთი პროგრამა, სადაც განახლება შევიტანეთ, არის მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც აქამდეც საკმაოდ წარმატებული იყო და დღემდე 6 000-მდე ოჯახმა ისარგებლა ამით. ესაა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესაქტივობა შეიძლება დაიწყოს ყველა ოჯახმა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში, სოფლად ცხოვრობს. გავაოთხმაგეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი - 10 მილიონი ლარი გვქონდა და ახლა 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თითოეული გრანტის მოცულობა კი 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდეთ და ის თანადაფინანსება, რომელიც მოთხოვნილი იყო და უნდა მოეტანა თვითონ ბენეფიციარს, 20%-დან 1%-მდე შევამცირეთ. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში ამ პროგრამით სულ მცირე სოფლად მცხოვრები 5 000 ოჯახი ისარგებლებს. პრიორიტეტი მიენიჭება ქალ მეწარმეებს, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს“, - აღნიშნა თურნავამ.