ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის პირველი და მნიშვნელოვანი მიმართულება ადგილობრივი წარმოების განვითარებაა. როგორც მან დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი რესურსი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თურნავას თქმით, ქვეყანას ამის პოტენციალი სოფლის მეურნეობაში და სოფლის მურნეობის გადამამუშავებელ ინდუსტრიებში აქვს.
"ახლა განსაკუთრებით ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია, შენ საკუთარი რესურსი გქონდეს განვითარებული და საკუთარი რესურსით, საკუთარი საქონლით მაქსიმალურად უზრუნველყო საკუთარი საჭიროება და საკუთარი ბაზარი. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი სოფლის მეურნეობაში და სოფლის მურნეობის გადამამუშავებელ ინდუსტრიებში, როგორიცაა თევზჭერა და ქართული თევზის წარმოება. როგორიცაა - ბოსტნეულის წარმოება, რძე და რძის პროდუქტების წარმოება, ხორცი, ხორცის კონსერვები, მარცვლეული, ქართული ზეთი და ბევრი სხვა მიმართულება. ასეთივე პოტენციალი საკუთარი რესურსის საკუთარი ბაზრით უზრუნველყოფის, იმპორტის შემცირების და ჩანაცვლების ჩვენ გვაქვს სამშენებლო მასალებში. იქნება ეს ქართული კერამიკა, ქართული არმატურა თუ მოსაპირკეთებელი მასალები. შემდგომი ჩვენი პრეზენტაციისა და გეგმის ნაწილი იქნება ის თუ როგორ უდგას ჩვენი მთავრობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქართულ წარმოებას გვერდში. ქართული წარმოება იქნებ სამომავლო მთავარი პრიორიტეტი. ამის პირველ პროექტებს თქვენ უკვე ხედავთ აგარის შაქრის კომპინატის სახით. ის 500 ადამიანს დაასაქმებს და ადგილობრივ ბაზარს ადგილობრივი შაქრით მოვამარაგებთ სულ მცირე 45 პროცენტით," - განაცხადა თურნავამ.