ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის მოცულობა იზრდება და 300 მილიონი ლარი იქნება შეთავაზებული მთლიანად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. როგორც მინისტრმა პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს კერძო ბიზნესის დაფინანსების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი დღეს მეტად მოთხოვნადი გახდა. კრიზისამდე, თუკი სულ 20 მილიონი ლარი გვქონდა ბიუჯეტში ამისთვის გათვალისწინებული, დღეს ჩვენ პროგრამის მოცულობას ვზრდით და 300 მილიონი ლარი იქნება შეთავაზებული მთლიანად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რათა ამ დაფინანსებას დაეყრდნონ და თანაუზრუნველყოფით, ჩვენი დახმარებით, რომლებიც ხიდის როლს შევასრულებთ, მოიზიდონ ბანკები და გააჯანსაღონ 2,1 მილიარდი ლარის პორტფელი, რაც ჩვენი კერძო ბიზნესის დაფინანსების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მესამე, მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ასევე განვაახლეთ, ეს არის მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა ე.წ. მიკროგრანტების პროგრამით, რომელიც აქამდე საკმაოდ წარმატებული იყო“,-განაცხადა თურნავამ.