„ჩინეთიდან სხვა ალტერნატიულ პლატფორმებზე ბიზნესების გადანაწილების ტენდენცია წავა, ჩვენ ასეთი კორპორაციებისთვის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით"

პოსტკრიზისული გეგმის მეორე მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ, იქნება ჩვენი ახალი როლი გლობალური ბიზნესის, გლობალური წარმოების გადანაწილებაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ახლა მსოფლიოში წამოვა ტენდენცია, როდესაც მსხვილი ბიზნესკორპორაციები თავიანთი წარმოების გადატანას ტრადიციული ინდუსტირული ჰაბებიდან სხვა ქვეყნებში დაიწყებენ. თურნავას თქმით, ასეთი კორპორაციებისთვის საქართველო ერთ-ერთი ნომერ პირველი არჩევანი იქნება.

„პოსტკრიზისული გეგმის მეორე მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ, იქნება ჩვენი ახალი როლი გლობალური ბიზნესის, გლობალური წარმოების გადანაწილებაში. ამ პანდემიის პირობებში ბევრი მულტინაციონალური კომპანია დარწმუნდა, რომ სარისკოა შენი წარმოება იქონიო ერთ რომელიმე გეოგრაფიულ ინდუსტრიულ ჰაბში თავმოყრილი. აქედან გამომდინარე, ახლა ამ ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან - მაგალითად, ჩინეთიდან - სხვა ალტერნატიულ პლატფორმებზე ბიზნესების გადანაწილების ტენდენცია წავა. ჩვენ ასეთი კორპორაციებისთვის ვიქნებით ერთ-ერთი ნომერ პირველი ქვეყანა, ნომერ პირველი არჩევანი, სადაც ისინი გადმოიტანენ თავის ბიზნესებს იმიტომ, რომ ყველაზე მალე დავძლევთ კორონავირუსს, იმიტომ, რომ კრიზისამდეც მიმზიდველი ვიყავით ბიზნესისთვის და საინვესტიციო გარემო კრიზისამდეც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გვქონდა, იმიტომ, რომ დახმარების გამართული პროგრამები გვაქვს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და კონკრეტულ პროგრამებს შევთავაზებთ ისეთ დარგებს, როგორიც არის - ელექტრონაწარმი, ფარმაცევტული პროდუქცია და სამედიცინო კვლევები, სამკერვალო და საფეიქრო წარმოება, ლოგისტიკა, პროფესიული ბიზნესის სერვისები და მრავალი სხვა,“ - განაცხადა თურნავამ.