ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბიზნესები საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობას მიმდინარე თვიდან შეძლებენ.
„ვფიქრობთ, რომ უკვე მაისში შესაძლებელი იქნება პირველი პროექტების დაფინანსება. დავამუშავეთ ამ მექანიზმის ყველა დეტალი იმდაგვარად, რომ მისი ათვისება სწრაფად მოხდეს. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე ათასი მცირე ბიზნესი ისარგებლებს ამით და ბანკებსაც დიდ ინტერესს ვატყობთ“, - აღნიშნა მინისტრმა საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ ვერ მოხდა გასულ წელს აღნიშნული მექანიზმის ამუშავება, როგორც თურნავა განმარტავს პროგრამაზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გასაზრდელად გასულ წელს შეიქმნა, მოთხოვნა არ იყო.
„მოთხოვნა ძალიან მაღალი ამ პროგრამაზე არ ყოფილა. ეს იმით აიხსნება, რომ სანამ დაიწყებოდა გლობალური პანდემია და კრიზისი, არც ბიზნესს და არც ბანკებს არ დადგომიათ ასე მწვავედ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა, ბიზნესები იყო ჯანსაღი, რისკები იყო დაბალი. სწორედ ამიტომ იმ ეტაპზე ეს არ იყო აქტუალური. მნიშვნელოვანია, რომ ეს მექანიზმი გამზადებული და დამუშავებული დავახვედრეთ ბიზნესს“,-განმარტავს მინისტრი.
ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო სქემა გასულ წელს შეიქმნა და საბანკო სესხების აღების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის თავდებობას გულისხმობს. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა და მის ფარგლებში 2 მილიარდი ლარის სესხის გაცემა იქნება შესაძლებელი.