ნათია თურნავა განმარტავს, გლობალური ბიზნესკორპორაციები თავიანთი წარმოების სხვა ქვეყანაში გადატანისას რატომ შეაჩერებენ საქართველოზე არჩევანს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, გლობალური ბიზნესკორპორაციები თავიანთი წარმოების სხვა ქვეყანაში გადატანისას რატომ შეაჩერებენ საქართველოზე არჩევანს. მინისტრის თქმით, საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით ძალიან კარგი სასტარტო პირობები აქვს.

„დღესდღეობით ცალსახაა, რომ ის უპირატესობა, რაც ჩვენ აქამდეც გვქონდა, ისევ ჩვენთან არის, არსად არ წასულა. საქართველო ერთ-ერთი ტოპქვეყანაა გლობალურად „დუინგ ბიზნესში“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ბიზნესის კეთება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მიმზიდველია. ის ფაქტი, რომ ჩვენ მსოფლიოში პრაქტიკულად ნომერ მესამე ქვეყანა ვართ, გადასახადების სიმარტივის და დაბალი დონის მიხედვით, ის ფაქტი, რომ ჩვენთან საკმაოდ ხელმისწავდომია სამუშაო ძალა, ის ფაქტი, რომ მუშახელის გადამზადებისთვის გვაქვს მთელი რიგი პროგრამები, რათა უფრო კონკურნეტული გავხადოთ, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მიუხედავად ეპიდემიისა, გაგრძელდება - ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი სასტარტო პირობა. ამას ემატება ახალი უპირატესობა, რადგან ვფიქრობთ, რომ სხვებთან შედარებით, ადრე დავძლევთ ეპიდემიას, გავიხსნებით ბიზნესებისთვის და ბევრ სხვა ქვეყანას დავასწრებთ ამ კონკურენტულ ბრძოლაში. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ იმ გლობალური კომპანიებისთვის, ვინც თავისი ბიზნესების დივერსიფიკაციას, გადატანას დაიწყებს, საქართველო პირველი არჩევანი გახდება. ეს არ არის მხოლოდ სურვილი, ეს არის დეტალური გეგმა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენ კომპანიას უნდა დავეკონტაქტოთ და რამდენ კომპანიას აქვს უკვე იმის სურვილი, რომ თავისი ბიზნესი გადაიტანოს,“ - განაცხადა თურნავამ.