ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რომ ხელფასის მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს და მთავრობის მხრიდან 6 თვის განმავლობაში 1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი, დაქირავებით დასაქმებული ყველა პირი მიიღებს.
„ყველას, ვინც კი წლის დასაწყისში თუნდაც ერთი თვის განმავლობაში იღებდა ოფიციალურ ხელფასს , ანუ ოფიციალურად იყო რეგისტრირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელად, მიუხედავად ხელფასის სიმცირისა, ექნება შესაძლებლობა, ამ დახმარებით ისარგებლოს. ხელფასის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს. ყველას თანაბარი დახმარება მიეცემა და ამაშია ამ დახმარების სამართლიანობა. მიუხედავად იმისა, მაღალი, საშუალო თუ დაბალი ხელფასი ჰქონდა, სახელმწიფომ გამონახა რესურსი, რომ ყველას თანაბრად დაეხმაროს, თუკი ამ პერიოდის განმავლობაში შემოსავალი უფიქსირდებოდა ერთი სამსახურიდან მაინც“, - განაცხადა მინისტრმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ.
ამასთან, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ერთ პირზე ერთი დახმარების პაკეტია განსაზღვრული“. ამ შემთხვევაში მინისტრმა უპასუხა კითხვას, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ორ ან მეტ სამსახურში მუშაობს.
შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში არიან, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, რაზეც 460 მილიონი ლარი დაიხარჯება.