შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ბიზნესსუბიექტებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ რეგისტრაცია, რათა მათი ბიზნესი დროულად შემოწმდეს და ეკონომიკის შესაბამისი ფაზის გახსნასთან ერთად, საქმიანობის აღდგენის უფლება მიეცეთ.
როგორც ფერაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის 2000-მდე კომპანიაა რეგისტრირებული. მისივე თქმით, რეგისტრაციის ტემპი საკმაოდ შენელებულია.
“დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 2000-მდე კომპანია, რეგისტრაციის ტემპი არის საკმაოდ შენელებული, ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიზნესსუბიექტებს, ეს არის მათი ინტერესი, რომ მათ მოახდინონ დარეგისტრირება და ეკონომიკის შესაბამისი ფაზის გახსნასთან ერთად, მათ ექნებათ მუშაობის განხორციელების უფლება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ კომპანიები, რომლებიც აპრილის თვეში სხვადასხვა უწყებებში უკვე იყვნენ რეგისტრირებულები, დამატებით რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით აღარ საჭიროებენ, ასეთი კომპანიები უკვე რეგისტრირებულები არიან ჩვენს ბაზებში და მათი შემოწმება ხდება ეტაპობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში”, - განაცხადა ფერაძემ.
მისივე განმარტებით, კომპანიის შემოწმება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 2-3 სამუშაო დღეში ხდება. შესაბამისად, ის მოუწოდებს ბიზნესსუბიექტებს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ შემოწმების მზაობა ჰქონდეთ.