"ბიზნესსექტორი აუცილებელია, გაეცნოს სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, 29 აპრილიდან უწყების ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაცია.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, აუცილებელია, ბიზნეს სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს გაეცნოს და ამის შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო. 29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაცია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნეს სექტორი პირველ რიგში აუცილებელია, გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს. დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია ვებ პორტალზე. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი მდგრადი იყოს, ამ ეტაპის გავლა აუცილებელია. ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული რეკომენდაციები განთავსებულია საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე ხელმისაწვდომია ჯანდაცვის ვებ-გვერდზე, ისევე როგორც ვებ-გვერდზე Stopcov.ge. მოვუწოდებ ბიზენსსექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და დროულად გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე. მთავრობის დადგენილებით, შემოწმების პროცესის ორგანიზებას და კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი განახორციელებს“,- განაცხადა ბარკალაიამ.