მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის ბიუჯეტი 10-დან 40 მლნ ლარამდე იზრდება ,-ამის შესახებ დღეს პროგრამის პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა.
მინისტრის თქმით, მიკროგრანტების პროგრამით განსაკუთრებული პრიორიტეტი ქალ მეწარმეებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს მიენიჭებათ.
„ე.წ. მიკროგრანტების პროგრამა აქამდეც საკმაოდ წარმატებული იყო - დღემდე ამით 6000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. ეს არის პროგრამა, როდესაც ყველაზე მცირე ბიზნესაქტივობა შეიძლება დაიწყოს ცალკეულმა ოჯახმა, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონებში, ცხოვრობს სოფლად. ეს თანხები საკმარისი იყო იმ პერიოდში მცირე აქტივობის დასაწყებად - ფერმა თუ მცირე საოჯახო სასტუმრო გაეხსნათ, ან პატარა წარმოება დაეწყოთ. პირველ რიგში - ჩვენ გავაოთხმაგეთ ბიუჯეტი, 10 მლნ ლარი გვქონდა და ახლა ამისთვის 40 მლნ ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, ასევე იზრდება გრანტის მოცულობაც - 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, პროგრამის ბენეფიციარის მიერ შეტანილი თანდაფინანსების ოდენობა კი განახევრდება. „ორჯერ შევამცირეთ ის თანადაფინასება, რომელიც იყო მოთხოვნილი და თავად ბენეფიციარს უნდა მოეტანა - აქამდე თუ 20%-იან თანადაფინანსებას ვითხოვდით, ახლა ეს იქნება მხოლოდ 10 %“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის პროგრნოზით, მიკროგრანტების განახლებული პროგრამით უახლოეს პერიოდში სულ მცირე 5000 ქართული ოჯახი ისარგებლებს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომლეთაც დღეს ყველაზე მეტად გაუჭირდათ.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ქალ მეწარმეებს, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს“, - განაცხადა თურნავამ.