ვენა-თბილისის რეისით საქართველოში 110 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, ავიაკომპანია „მაივეის“ მიერ შესრულებული ვენა-თბილისის რეისით საქართველოში 110 მოქალაქე დაბრუნდა.

მათი ინფორმაციით, მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგ სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სასტუმრო „რამადა ენკოს თბილისში“ განთავსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

„14 - დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 5025 ადამიანია განთავსებული,"- ნათქვამია ინფორმაციაში.