„ეკონომიკის მინისტრის 3 ტყუილი“ - ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გიგლა მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრი მიერ გუშინ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას.
მიქაუტაძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული დარჩა ეკონომიკის მინისტრის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციით, რომელიც ცარიელ სიტყვებთან ერთად, არაერთ დამახინჯებულ ფაქტს შეიცავდა:
ტყუილი 1 – საქართველოს ეკონომიკა კრიზისამდე ყვაოდა
თვალებში ნაცრის შეყრაა მინისტრის მიერ სიტუაციის წარმოჩენა ისე, თითქოს საქართველოს საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდა კრიზისამდე. 2013-2019 წლებში მშპ-ის საშუალო წლიური ზრდა იყო 4.09 %, რაც ტრაბახის საფუძველი ნამდვილად არ არის ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს არის ზრდა, რომელიც ვერასდროს გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას სიღარიბიდან. დღევანდელმა მთავრობამ მაქსიმალურ ზრდას მიაღწია მხოლოდ 2019 წელს, ისიც 5.1 %-ის ოდენობით, მაშინ, როცა რეგიონის სხვა ქვეყნებმა გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აჩვენეს: სომხეთი 7.6%, ტაჯიკეთში 7.5%, უზბეკეთში 5.6% და ა.შ. უკვე ნათელია, რომ მთავრობა ყველა თავისი წარუმატებლობის კორონაკრიზისზე გადაბრალებას აპირებს, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოებას კარგად ახსოვს დაკარგული 8 წელი და არაერთი გაშვებული შესაძლებლობა.
ტყუილი 2 - საკრედიტო-საგარანტიო ფონდი არსებობდა, მაგრამ მასზე მოთხოვნა არ იყო
მისასალმებელია, რომ მთავრობამ გაითვალისწინა „ლელოს“ რეკომენდაცია ბიზნესისთვის საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის თაობაზე. თუმცა, ქალბატონ მინისტრს არ ეკადრება სიტუაციის წარმოჩენა ისე, თითქოს ეს ფონდი აქამდეც არსებობდა, მაგრამ მასზე მოთხოვნა არ იყო. ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი პრობლემა იყო და რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. უკვე ნათელია, რომ გაჟღერებული ინიციატივაც ისეთივე ბუტაფორიული იქნება, როგორც ორი წლის წინ თითქოსდა შექმნილი საგარანტიო ფონდი, რომელიც თვალით არავის უნახავს.
კრიტიკას ვერ უძლებს ვერც პროექტის მოკრძალებული მასშტაბი. მინისტრი საუბრობს 300 მილიონიან საგარანტიო ფონდზე და პოტენციურ 1000 ბენეფიციარ კომპანიაზე, მაშინ, როცა ქვეყანაში 50.000-ზე მეტი ბიზნესსუბიექტია, ხოლო ბიზნესის საკრედიტო პორთფელი 21 მილიარდი ლარი. „ლელოს მოდელის“ მიხედვით ფონდი უნდა დაეფუძნოს სიცოცხლისუნარიან სქემას მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ხოლო მისი მასშტაბი უნდა იყოს 3 მილიარდი ლარი, რათა მან უზრუნველყოს ეკონომიკის მასშტაბური სტიმულირება ახლაც და კრიზისის შემდეგაც. ასევე, აუცილებელია წინაპირობად ჩაიდოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება 80%-იან ნიშნულზე მაინც, რაც მთავრობის გეგმაში არსად ფიგურირებს. ჩვენი გათვლებით, აღნიშნული ფონდი 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნაში ქვეყანაში.
ტყუილი 3 - საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის
„ლელოს“ კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა გუშინ მინისტრმა ჩინეთიდან გასული საწარმოების საქართველოში მოზიდვის სახით. მან დაამატა ისიც, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო კარგი წინაპირობაა ამ გეგმის განსახორციელებლად. იდეა მართლაც კარგია, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ საქართველოს მთავრობას დაკარგული აქვს ნდობა და შელახული აქვს რეპუტაცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელოვნურად შეჩერდა ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული პროექტი - ანაკლიის პორტი, ხოლო მისი ინვესტორების წინააღმდეგ დევნა დაიწყეს პოლიტიკურად ანგაჟირებულმა სახელმწიფო უწყებებმა. ეს შეფასება ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ეკუთვნის. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ბოლო წლებში, საქართველოსადმი ინვესტორების ინტერესის პერმანენტულად მცირდებოდა, რაც აისახა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზე - 2018 წელს ის შემცირდა 35 %-ით, ხოლო 2019 წელს არ გაზრდილა.
„ლელოს მოდელით“ სწორედ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მის ირგვლივ არსებული სპეციალური ეკონომიკური ზონა შეიძლება გახდეს მთავარი მიზიდულობის ცენტრი ინვესტიციებისთვის, ისე, როგორც ამას ითვალისწინებს პორტისა და ქალაქ ანაკლიას განვითარების გეგმა. დღევანდელი მთავრობა კი ყველანაირად ხელს უშლის ამ გრანდიოზული იდეის ხორცშესხმას და ამისთვის მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებს. ამიტომ მინისტრის განცხადებები, სამწუხაროდ, მხოლოდ ცარიელ სიტყვებად უნდა მივიღოთ, რომელიც არაერთხელ გაჟღერებულა მის და მისი წინამორბედების მიერ,“-წერს მიქაუტაძე.